დავორ დრეტარი - ხორვატიაში დიდი სიხარულით ველოდებით დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამ გზაზე ჩვენგან სრული მხარდაჭერა გექნებათ
დავორ დრეტარი - ხორვატიაში დიდი სიხარულით ველოდებით დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამ გზაზე ჩვენგან სრული მხარდაჭერა გექნებათ

ხორვატია ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს გაცხადებულ სურვილს, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავორ დრეტარმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავორ დრეტარის თქმით, ხორვატიაში დიდი სიხარულით ელოდებიან დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა ძველი მეგობრების ნახვა. ხორვატია და საქართველო მეგობრები არიან. ეს ჩანს როგორც ჩვენი თანამშრომლობიდან, ასევე ხორვატიის მხარდაჭერიდან. ხორვატია ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს გაცხადებულ სურვილს, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. დღეს საუბარი გვქონდა, მათ შორის, აგროკულტურულ თანამშრომლობაზე, იმ ბიზნესკონფერენციაზე, რომლის ზაგრებში ჩასატარებლადაც ვემზადებით. ეს შემთხვევაც კიდევ ერთხელ იქნება ბიზნესის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერის გამომხატველი, რომ ამ ყველაფერმა შექმნას კარგი გარემო საქართველოსთვის, რამდენადაც ყველა ველოდებით მიმდინარე წლის დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ დოკუმენტურად დაადასტუროს გადაწყვეტილება საქართველოსთვის.

ასევე, განვიხილეთ თბილისში ხორვატიის საელჩოს გახსნა, რაც, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება ქვეყნის პოლიტიკასა და იმ სუპერსაარჩევნო წელზე, რომელიც 2024 წელს ხორვატიაში გვექნება – პარლამენტის, პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის არჩევნები. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საქართველოსთვის ბევრი კარგი ამბავი გვექნება, რომელიც ხორვატიის მხარდაჭერას გაზრდის. ხორვატიაში დიდი სიხარულით ველოდებით დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ამ გზაზე ჩვენი სრული მხარდაჭერა გექნებათ“, – განაცხადა დავორ დრეტარმა.