დავიწყებული ისტორია - ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას მამას ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული (ვიდეო)
დავიწყებული ისტორია - ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას მამას ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული (ვიდეო)

ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია. 19 წლის ფეხბურთელის ბაბუა, მამია კვარაცხელია და მამა, ბადრი ფეხბურთელები იყვნენ. მამამისიც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ არა საქართველოს ნაკრებში.

ამ ვიდეოზე ბადრი კვარაცხელიას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია შემორჩენილი. მაშინ აზერბაიჯანული გუნდის, „შამქირის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

2000 წლის 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში „სკონტომ“ აზერბაიჯანის ჩემპიონი „შამქირი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ალეკო რეხვიაშვილმა და ზურაბ მენთეშაშვილმა, ხოლო ლევან კორღალიძე შეცვლაზე გამოჩნდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში კი ბადრი კვარაცხელია იყო.

განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს აზერბაიჯანში შედგა და ამჯერადაც 2:1 დასრულდა, ოღონდ, აზერბაიჯანელთა სასარგებლოდ. ორივე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა მე-3 და 90-ე წუთებზე. დაინიშნა დამატებითი დრო და გადამწყვეტი გოლის ავტორიც მე-100 წუთზე ქართველი ფორვარდი გახდა, საბოლოოდ კი, „შამქირმა“ 4:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბადრი კვარაცხელია 55 წლისაა. წალენჯიხაში დაბადებულმა ფეხბურთელმა ჯერ წალენჯიხას „სქურში“ ითამაშა, მერე იყო თბილისის „დინამო“, თელავის „კახეთი“, რუსთავის „გორდა“, თბილისის „მერანი“, ამის შემდეგ იყო აზერბაიჯანული „ქიაფაზი“, შემდეგ კი ამავე ქვეყნის „შამქირი“ (1998–2005), საიდანაც აზერბაიჯანის ნაკრებში მიიწვიეს და მისი სახელით 3-ჯერ ითამაშა.

კარიერის შემდეგ ბადრი კვარაცხელიამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, ბოლოს 2019 წელს „რუსთავს“ ავარჯიშებდა, მაგრამ ამის შემდეგ გულის ოპერაცია გაიკეთა და საქმიანობას დროებით ჩამოშორდა.