დავითაშვილთან უხეშობისთვის პენალტი იყო დასანიშნი, მოთამაშე კი გასაძევებელი - „არსენალი“ მსაჯობით აღშფოთებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის წლის ბოლო შეხვედრა მოსკოვის ცსკა-სთან ჩინებულად დაიწყო, მაგრამ ტულის „არსენალის“ ქართველი ლეგიონერი 42-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რის გამოც „არსენალმა“ რუსეთის საფეხბურთო კავშირის საექსპერტო-სამსაჯო კომისიას მიმართა, რათა განუმარტონ მსაჯთა ბრიგადის მოქმედებები, რომლებმაც ქართველი შემტევის წინააღმდეგ უხეშობაზე თვალები დახუჭეს.

„მატჩის 42-ე წუთზე „არსენალის“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ცსკა-ს კარში საჯარიმო მოედნის გარედან დაარტყა. პარალელურად, ცსკა-ს მცველი მარიო ფერნანდესი ტულის გუნდის ფეხბურთელს დაეჯახა. დავითაშვილი მეტოქის უხეში თამაშის შედეგად დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მთავარ მსაჯს იგორ პანინს არავითარი რეაქცია არ ჰქონია ეპიზოდზე: მან ცსკა-ს წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და ფერნანდესი არ გააძევა. „არსენალი“ მიმართავს რუსეთის საფეხბურთო კავშირის საექსპერტო-სამსაჯო კომისიას, ამ ეპიზოდში მსაჯის ქმედებების ახსნა-განმარტებისთვის“, – ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა ტულის „არსენალის“ ხელმძღვანელმა გურამ აჯოევმაც, რომელიც წლების წინ „დინამო თბილისში“ თამაშობდა:

„ეს იყო თამაში, რომელიც ფრედ უნდა დასრულებულიყო. ცსკა-სთან პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯმა პანინმა დავითაშვილს სუფთა პენალტი არ დაუნიშნა და მეტოქეს წითელი ბარათი არ აჩვენა. ჩვენი ფეხბურთელი ტრავმირებულია, თამაში ვეღარ გააგრძელა და იძულებით შევცვალეთ. მსაჯების ენაზე ამას ჰქვია – გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობის წართმევა. ვიდეორეფერის არც უცდია ეპიზოდის ნახვა, მინიშნება, გადამოწმება, არაფერი გაუკეთებია. მაშინ რა საჭიროა VAR-ი, რაშიც კლუბები, მათ შორის „არსენალი“, სერიოზულ ფულს იხდიან? ეს არის ჩვენი ხარჯები, რომლებიც თურმე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. პენალტი ისეთია, რომ ძნელია მის დასანიშნად უფრო კარგი საფუძველი მოიფიქრო. შედეგად, აბსოლუტურად თანაბარ მატჩში, სადაც ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით უარესები, მარცხი განვიცადეთ“.