დავითაშვილმა „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა - „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
01:55, 13.01.2025
„სენტ-ეტიენს“ ქულის მოსაპოვებლად ზურიკო დავითაშვილის გოლი არ ეყო. ქართველის გუნდი „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრა და ფრანგული ფეხბურთის გრანდთან დაპირისპირება 1:2 დათმო.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურის დაპირისპირება ძალიან აქტიურად დაიწყო და საბოლოოდ „სენტ-ეტიენში“ 7,4 ქულით საუკეთესო შეფასება მიიღო. დავითაშვილმა მატჩის დაწყებისთანავე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, ორ მცველს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე დონარუმას ვერ აჯობა.
ზურიკოს შემდეგაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ლუკას სტასინიმ გადაცემა დაუგვიანა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს მცველმა ხელი შეუშალა და არ გაატანინა. მატჩის გმირი კი „პსჟ“-ის თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა, რომელმაც მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 10 წუთში პენალტით დუბლი შეასრულა და პარიზელები შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეორე ტაიმში თავი მაინც გამოიჩინა. 63-ე წუთზე საჯარიმო მოიპოვა, რომელიც დაახლოებით 17 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში მეორე ქართველია, ვინ „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა. ზაფხულში, ამხანაგურ შეხვედრაში პსჟ-ის კარი გრაცის „შტურმის“ კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმაც აიღო.
17 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ მხოლოდ 16 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. ზურიკო დავითაშვილმა კი 16 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაც არის.