დავითაშვილმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტს გაუტანა - „სენტ-ეტიენი“ „ლილთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ევროსარბიელის გარდა, „ლილი“ საფრანგეთის ჩემპიონატშიც წარმატებით გამოდის, ამ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა.

ზურიკო დავითაშვილმა მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა – მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მცველებმა საჯარიმოში წესების დარღვევით წააქციეს და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზურიკომ უნაკლოდ შეასრულა.

32-ე წუთზე სტუმართა კარშიც დაინიშნა პენალტი და „ლილის“ კანადელმა ფორვარდმა, ჯონათან დევიდმა წონასწორობა აღადგინა. დავითაშვილი ამის შემდეგაც აქტიურად თამაშობდა, მაგრამ მისი გადაცემით კარის წინ დარჩენილმა ლუკას სტასინმა ვერ ისარგებლა.

48-ე წუთზე „სენტ ეტიენის“ მცველი, დილან ბატუბინსიკა გააძევეს. კაცნაკლულმა „სენტ-ეტიენმა“ კარგი კონტრშეტევა განახორციელა, დავითაშვილს შეეძლო გუნდის დაწინაურება, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსით ვერ ისარგებლა. სამაგიეროდ, რიცხვობრივი უპირატესობა „ლილმა“ გამოიყენა – ოსამ საჰრაუიმ დუბლი (63, 77) შეასრულა, ერთი გოლი გაბრიელ გუდმუნდსონმა (72) გაიტანა და მასპინძლებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

20 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენმა“ 18 ქულით ლიგა1-ის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე კი 9 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.