დავითაშვილის შოუ საფრანგეთში - ზურიკომ „ბორდოს“ სტუმრად მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა, გუნდს გამარჯვებაში ამჯერადაც დაეხმარა – ქართველის გუნდმა სტუმრად „ლავალი“ 2:1 დაამარცხა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა. ანგარიში „ბორდომ“ გახსნა. მე-5 წუთზე მეტოქის კარი ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმა ჯოშ მაიამ აიღო. მეორე ტაიმის დასაწყისში, 56-ე წუთზე „ლავალისშემტევმა ჟულიენ მაგიოტიმ წონასწორობა აღადგინა.

69-ე წუთზე „ბორდო“ ისევ დაწინაურდა და ეს გოლი დავითაშვილის ეფექტური თამაშის შედეგად გავიდა. ქართველმა შემტევმა ბურთი ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე წაიღო, თანაგუნდელს გაუთამაშა და საჯარიმოში თავად შეძვრა, სადაც ორ მცველს გასცდა და ჰონდურასელ თავდამსხმელს, ალბეტ ელისს გადააწოდა. მან ბურთს ფეხი ააცილა. დავითაშვილმა იბრძოლა, ბურთი დაიბრუნა და მეორედ უკვე ქუსლით ისევ ელისს გადასცა, რომელმაც მეორე ცდაზე გაიტანა და გუნდს გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 10 ტურის შემდეგ „ბორდომ“, რომელიც მთავარ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს „ამიენთან“ ერთად ლიდერობს. ზურიკო დავითაშილმა კი ორ შეხვედრაში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.