დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ პირველი ტესტმატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ პირველი ტესტმატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებულ „კლერმონთან“ და ფრედ, 1:1 ითამაშა. „სენტ-ეტიენიდან“ გოლი ლუი მუტონმა გაიტანა.

ქართველის გუნდი, ერთი კვირაა, შამბონ-სურ-ლინიონში იმყოფება შეკრებაზე. „სენტ-ეტიენის“ მთავარ მწვრთნელს, ოლივიე დალ ოლიოს ყველა ახალწვეულისა და საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეების საქმეში ნახვა სურდა, თუმცა ზურიკო დავითაშვილს ამ შეხვედრაში არ უთამაშია.

დალ ოლიო შედეგზე მეტად, თამაშის ხარისხით დარჩა უკმაყოფილო და თქვა, რომ ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებიც ბურთის გაკონტროლებას ახერხებენ და მათ შორის ზურიკო დავითაშვილიც იგულისხმა.

„პირველ ტაიმში ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ. ტექნიკური შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ, ეს არის, რაც სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლიათ ბურთის კონტროლი, თამაშის წარმართვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. რამდენიმე ასეთ მოთამაშეს დღეს არ უთამაშია, მათ შორის, ახალწვეულ დავითაშვილს“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა.

ამასობაში „ტრანსფერმარკტმა“ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა „სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ტრანსფერში მის ყოფილ კლუბს, „ბორდოს“ ექვსი მილიონი ევრო გადაუხადა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტი ოფციონის წესით, 4+1 წლით გააფორმა. დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ზე ითამაშა, „ბორდოში“ კი გასულ სეზონში რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.