დავითაშვილის გუნდმა ბოლო წამზე მოიგო #1TVSPORT
დავითაშვილის გუნდმა ბოლო წამზე მოიგო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ტულას „არსენალმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურის ეს მატჩი ქართველის გუნდმა გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდთან“ გამართა და დამაინტრიგებელი სცენარით წარიმართა. ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე გამოჩნდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – მე-9 წუთზე „ნიჟნი ნოვგოროდი“ ნიკოლაი კალინსკიმ დააწინაურა, მაგრამ ტულელებმა ჯერ გორან ჩაუშიჩის გოლით (17) წონასწორობა აღადგინეს, 45+1-ე წუთზე კი ევგენი მარკოვმა „არსენალი“ დააწინაურა. მასპინძლებმა 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს (ალექსეი კოზლოვი – 85), მაგრამ მასპინძლებს მესამე გოლი ბოლო წამებზე გორან ჩაუშიჩმა (90+4) გაუტანა და „არსენალმა“ 2:3 მოიგო.

ამ მოგებით „არსენალმა“ გასვლით მატჩებში დამყარებული ანტირეკორდი შეაჩერა – ტულას გუნდს რუსეთის პრემიერლიგაში სტუმრად 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ არ მოეგო და ნიჟნი ნოვგოროდში 14-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

რვა ტურის შემდეგ დავითაშვილის კლუბმა რვა ქულა დააგროვა და ორი საფეხურით დაწინაურდა – გუნდი მე-13 პოზიციაზეა.