დავითაშვილის გოლი საუკეთესოებშია - ქართველს ჩემპიონთან გატანილი ბურთი დაუფასეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის საუკეთესო გოლების ავტორებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ ფეხბურთელი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს ჩემპიონატის ბოლო მე -11 ტურის საუკეთესო გოლები შესთავაზეს. ტოპ 7-ში ტულას „არსენალის“ ფეხბურთელების, ნახევარმცველების ზურიკო დავითაშვილისა და კინგს კანგვას გოლები დაასახელეს.

16 ოქტომბერს, ტულას ცენტრალურ სტადიონზე „არსენალმა“ რუსეთის მოქმედი ჩემპიონი, პეტერბურგის „ზენიტი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ანგარიში „არსენალმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლით 54-ე წუთზე გახსნა, ხოლო კინგს კანგვამ 89-ე წუთზე „მეთოფეებს“ გამარჯვება შორეული დარტყმით მოუტანა. „არსენალმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებით 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე -12 ადგილზე დაწინაურდა. მომდევნო თამაშს დავითაშვილის გუნდი 23 ოქტომბერს „როსტოვის” წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშილმა ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. „ზენიტამდე“ 20 წლის ნახევარმცველი 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს პრიშტინაში კოსოვოსთან მოგებაში (1:2) გადამწყვეტი გოლის გატანით დაეხმარა.