დავითაშვილის დებიუტი „ბორდოში“, შესაძლოა, „სენტ ეტიენთან“ შედგეს #1TVSPORT
დავითაშვილის დებიუტი „ბორდოში“, შესაძლოა, „სენტ ეტიენთან“ შედგეს #1TVSPORT

„ბორდოს“ ყველა ახალწვეული, მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი მზად არის, რომ გუნდს შემდეგი ტურის შეხვედრაში დაეხმაროს – ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა peuple-vert ავრცელებს.

სენტ-ეტიენი“ ლიდერს შაბათს, 10 სექტემბერს შეხვდება. „ბორდომ“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მწვრთნელი დევიდ გიონი ამბობს, რომ ჟირონდინებს თამაში ცენტრალური მცველის სტიან გრეგერსენის გარეშე მოუწევთ. მცველი დისკვალიფიცირებულია. არიან ტრავმირებულებიც. თუმცა „ბორდო“ თავისი 5 ახალწვეულის თამაშს იმედოვნებს, რომლებიც სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს დაიმატეს“, – წერს ინტერნეტ-გამოცემა.

გუნდის მწვრთნელმა დევიდ გიონმა „ბორდოს“ გამოცდილ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებიც ახალწვეულებს ადაპტაციაში ეხმარებიან.

„ხშირად ხაზს ვუსვამდი მათ პროფესიონალიზმს და ხასიათს. ისინი ახალგაზრდებს გაზრდის საშუალებას აძლევენ. პირველივე დღიდან ეხმარებიან რომ ადაპტაცია მალე გაიარონ. ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ისინი ყოველთვის ნამდვილი მაგალითები იყვნენ ახალგაზრდებისთვის“.

დავითაშვილის ახალი გუნდი „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 2-ის შემდეგ ტურში გასვლაზე „სენტ ეტიენს“ „გოფრუა გიშარ არენაზე“ შეხვდება. მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება. „ბორდოში“ დავითაშვილის ტრანსფერი 2 სექტემბერს დადასტურდა და წინა ტურში, 3 სექტემბერს „პარიზთან“ ქართველი შემტევის სამატჩო განაცხადში შეყვანა ვეღარ მოხერხდა.