დავითაშვილი ჯანმრთელადაა, ითამაშა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT
დავითაშვილი ჯანმრთელადაა, ითამაშა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნდა – ეს რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც მისი გუნდი ტულას „არსენალი“ „ახმატს“ ესტუმრა და დამარცხდა.

გროზნოს „ახმატ-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლების კარში და განაცხადში ვერ მოხვდა მეკარე გიორგი შელია, რომელიც დისკვალიფიცირებულია. მასპინძლები 31-ე წუთზე მუჰამედ კონატემ დააწინაურა, მაგრამ შვიდ წუთში ტულელებმა დანილ სტეპანოვის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. გროზნოელებს გამარჯვება 90+5-ე წუთზე იგორ კონოვალოვმა მოუტანა.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს – საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, 74-ე წუთზე კი თავისიანების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ დამატებაზე მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „ახმატი“ გადაარჩინა. 84-ე წუთზე ქართველთან უხეშობისთვის მასპინძელთა მცველმა, რიზვან უციევმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მცირე ტრავმა მიიღო და „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, დმიტრი პარფიონოვმა განაცხადა, რომ ქართველი შემტევი მოედანს მხოლოდ ევროპული სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდებოდა.

საბედნიეროდ, ეს შიში უსაფუძვლო გამოდგა, დავითაშვილი ჯანმრთელადაა და ორიოდე დღეში შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელიც სექტემბერში ორ ოფიციალურ (კოსოვოსთან და ესპანეთთან) და ერთ ამხანაგურ (ბულგარეთთან) შეხვედრას გამართავს.