დავითაშვილი დღეს „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში სეზონის პირველ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
დღეს „სენტ-ეტიენი“ პირველ ამხანაგურ მატჩს თბილისის დროით 20:30 საათზე შვეიცარიულ გუნდთან, „ეტუალ კარუჟთან“ გამართავს. მატჩი ანდრეზიე-ბუტეონში, „ენვოლის“ სტადიონზე გაიმართება.
Le Progrès-ის ცნობით, ამ მატჩისთვის განკუთვნილი 3000 ადგილიდან 700 უკვე გაყიდულია. „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა, ნორვეგიელმა ერიკ ჰორნელანდმა განმარტა, რომ პირველ ტესტმატჩში შემადგენლობაში ბევრი ცვლილების შეტანა მოუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ „მწვანეების“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილი, სავარაუდოდ, პირველ მატჩს ზურგის პრობლემების გამო გამოტოვებდა, რეგიონული გაზეთის ცნობით, ქართველი საბოლოოდ სასტარტო შემადგენლობაშია.
„დავითაშვილი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება. როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადში არ არიან ლუკას სტასინი და აიმენ მოუეფეკი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესშია, ასევე ბენჯამინ ბუშუარი და იგორ მილადინოვიჩი, რომლებსაც ზურგის ტრავმა აწუხებთ.
„სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი ცვლილების შეტანა მოგვიწევს. ორ-ნახევარი კვირა ვვარჯიშობდით და ახლა პირველ მოსამზადებელ შეხვედრას გავმართავთ და ამიტომ ყველა ფეხბურთელს ვათამაშებთ“, – ამბობს „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი.