დავითაშვილი COVID-19-ზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელის
დავითაშვილი COVID-19-ზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელის

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, მომჯობინდა და განმეორებითი ტესტირების შედეგს ელის, მოედანს რომ დაუბრუნდეს და ვარჯიში განაახლოს.

სექტემბერში ვოლგოგრადის „როტორშიკორონავირუსის ნამდვილი კლასტერი აღმოაჩინეს – ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხი ერთდროულად გუნდის 9 მოთამაშეს დაუფიქსირდა. სამი უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის, ბექა მიქელთაძეც, რომელმაც ყაზანის „რუბინთან“ თამაშიც მოასწრო.

გამოცემა „ვოლგოგრადის” ცნობით, დავითაშვილმა და დანარჩენმა ხუთმა ფეხბურთელმა კორონავირუსზე მორიგი რეგულარული ტესტები გაიარეს და უარყოფითი შედეგი ჰქონდათ. თუ მეორედაც იგივე მოხდა, მოთამაშეები ვარჯიშს განაახლებენ. ვოლგოგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში 3 ოქტომბერს „უფასთან“ ამ ექვსეულის დაბრუნების იმედი გააჩნია.

არანაკლები იმედით დავითაშვილის დროულ მომჯობინებას ვლადიმერ ვაისიც ელის, რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის დაგეგმილ შეკრებაზე გამოიძახა.

8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში ერევანში სომხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.