დავით ზილფიმიანი - სააკაშვილი ცდილობს ბრმა მხარდამჭერების მობილიზებას, ვიდეოს სახით კიდევ უფრო დაარწმუნა, თითქოს საქართველოშია
დავით ზილფიმიანი - სააკაშვილი ცდილობს ბრმა მხარდამჭერების მობილიზებას, ვიდეოს სახით კიდევ უფრო დაარწმუნა, თითქოს საქართველოშია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვიდოდა.

როგორც ზილფიმიანის განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეომიმართვები, რომლითაც სააკაშვილი ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ის უკვე საქართველოშია, მიზნად ისახავს „მისი ბრმა მხრადამჭერების მობილიზებას“.

„მინიმუმ, სამი ქვეყანა არის გამოსაყენებელი, სახმელეთო გზით, საქართველოში რომ მოხვდე. დღეს, მსოფლიო ცივილიზაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ისე გადაკვეთოს საზღვრები, არსად არ გამოჩნდეს და არ იყოს რეგისტრირებული.

ის თუ საქართველოში შემოვიდოდა, ეს მოხდებოდა ან თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან, ან სომხეთიდან, რადგან უკრაინას ამ სამ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. ის, რომ ვინმემ ხოხვით გაიარა ოთხი ქვეყნის საზღვარი, გამორიცხულია. არის კიდევ მეორე გზა – ის თვითმფრინავით ჩაფრინდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, სამოქალაქო ავიაციის მგზავრთა გადაყვანის რეესტრში აუცილებლად გამოჩნდებოდა. ეს არის სრული აბსურდის თეატრი და რატომღაც ამ ლოგიკურ და ფაქტობრივ გარემოებებს არავინ იხსენებს. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანის სახე არის კამერაში და მის უკან რა ხდება, ამის გაკეთების ათობით მეთოდი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რადგან იცით, რომ ამ სფეროში უცხო არ ვარ. მით უმეტეს, იმ უხარისხო ჩანაწერზე კონტურების ანალიზიც კი ვერ გაკეთდება. ეს არის თეთრი გვირისტით შეკერილი. ვისაც სჯეროდა, რომ მიშა საქართველოში ჩამოვიდოდა, ის ამას ამ ვიდეოს გარეშეც დაიჯერებდა. ამიტომ, რას ველოდებით? რომ რაღაც გამოიძიონ? აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. ის ამით ცდილობს, მისი ბრმა მხარდამჭერების მობილიზებას და ამ ვიდეოს სახით, კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი, თითქოს უკვე საქართველოშია.

ვინც საღად მოაზროვნეა, მისთვის ცხადია, რომ ეს არის აბსურდი. გასაგებია, რაც ხდება. არჩევნებამდე დარჩენილია 24 საათი და უფრო მეტი მობილიზება რომ მოხდეს მისი მხარდამჭერების, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი.

საზოგადოებას რატომ ვამყოფებთ გაურკვევლობაში? ნებისმიერ ჟურნალისტს უთხარით ეს მიზეზები და არგუმენტირებულ პასუხს ამაზე ვერავინ გასცემს, ვიდრე ერთი ფაქტობრივი გარემოება არ იქნება“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.