დავით ზილფიმიანი - პარლამენტი ლეგიტიმურია, „საქმის ჩაწყობით“ არ შემოვსულვარ, მეც და ჩემი კოლეგებიც ლეგიტიმურები ვართ
ჩემი ღრმა რწმენაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე დარჩეს, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტის წევრი გახდა და დეპუტატობაზე უარს არ აცხადებს.
ზილფიმიანის თქმით, პარლამენტში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს.
„ჩვენს პარტიაში გაცილებით ჯანმრთელი მდგომარეობაა. ანუ, ადამიანები თავის თავს არ აკადრებენ იმას, რომ ერთმა პირმა თავის კოლეგებისგან დაუკითხავად მივიდეს და მთელი სია ჩახსნას. ჩვენ ინდივიდები ვართ და ჩვენი ლიდერები თავის წევრებს ასე არ ეპყრობიან. მათ მკითხეს, ანუ ისინი არ მისულან და სია არ ჩაუხსნიათ. ვინც ჩემსავით თქვა, რომ აუცილებლად მიაჩნიათ პარლამენტში ყოფნა, რომ რაღაც ოპონირების რაღაც სეგმენტი მაინც არსებობდეს, ისინი უნდა შემოვიდნენ.
პარლამენტი ლეგიტიმურია. იცით, რომ „საქმის ჩაწყობით“ არ შემოვსულვარ. მეც და ჩემი კოლეგებიც ლეგიტიმურები ვართ. თუ ამას საერთო პოლიტიკური მცნებით მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ მე არ ჩავერევი, მაგრამ ჩემს საქმეს გავაკეთებ. ყოველთვის აქტიური ვიყავი, როდესაც ჩავთვალე, რომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში, შემოვედი. სხვა დროსაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ქვეყანა უნდა გადაგვეყვანა ციფრულ მაუწყებლობაზე, ამიტომ პარლამენტარობის დრო არ მქონდა. დავწერე, რომ პარლამენტარობას არ ვთვლი რაღაცით უფრო მეტად, ვიდრე იმ საქმიანობას, რასაც დღემდე ვაკეთებდი. არ გეგონოთ, ამით რაღაც წინსვლა მაქვს. ანუ, პირიქით არც ფინანსურად და არც იმ საქმის სიყვარულით, რასაც დღემდე ვაკეთებდი, მასთან პარლამენტარობა არაფრით არის მეტი, მაგრამ დღეს, როცა ჩემი საქმე პირნათლად გავაკეთე, დავინახე ის კრიზისი, რისკენაც ქვეყანა მიექანება. არც ერთ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე. არასრულფასოვანი იქნება ოპონირება, მაგრამ სჯობს, მცირე, ვიდრე არაფერი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ კონსულტაცია პარლამენტში შესვლამდე „ქართულ ოცნებასთან“, ზილფიმიანმა განაცხადა: „ჩემი კონსულტანტი იყო ჩემი შინაგანი ხმა და რაც მთავარია, საერთაშორისო პარტნიორები. ჩემთვის დასავლელი პარტნიორების აზრი მნიშვნელოვანი იყო. „ქართულ ოცნებაშიც“, „ნაცმოძრაობაშიც“ და ყველგან მყავს მეგობრები და სატელეფონო საუბრები მაქვს, მაგრამ მსგავსი საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.