დავით ზილფიმიანი - ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ვერ დავუჭერთ, დღეს სასამართლოს შეუზღუდავი უფლებები გააჩნია, როგორც უნდათ, იმდენ ხანს იწელება საქმე
დავით ზილფიმიანი - ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ვერ დავუჭერთ, დღეს სასამართლოს შეუზღუდავი უფლებები გააჩნია, როგორც უნდათ, იმდენ ხანს იწელება საქმე

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პროკურორ ამირან გულუაშვილისგან მოისმინა პასუხები რიგ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მას ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ზილფიმიანი ამბობს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

დღეს დავესწარი გაერთიანებული კომიტეტის სხდომას და კიდევ ერთხელ შევეცადე გავრკვეულიყავი ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული საკითხის ირგვლივ. იყო საკითხები, რომლებიც არ ვიცოდი და პროკურატურის დახმარებით, ეს საკითხები ჩემთვის გავარკვიე. მინდა, თქვენი ყურადღება მოვაქციო იმაზე, რაც თავიდანვე ყველამ ვიცით. აგერ, წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც აღიძრა დიდი საქმე და ინკრიმინირებული იქნა ნიკანორ მელია უკანონო შეჭრაზე სახელმწიფო დაწესებულებაში. აქვე აღვნიშნავ, რომ იმხანად ნიკანორ მელიას არ ჰქონდა იმუნიტეტი. მაგრამ მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქ ალბათ კამათს ერთმანეთს არც ვაკადრებთ, კოლეგებო. ამის შემდგომ, სასამართლომ პრაქტიკულად, აგერ უკვე წელიწად-ნახევარია, საქმე ისეთნაირად წარმართა, შეიძლება ითქვას, რომ არ წარმართა. არ წარმართა, ირადგან საქმე ისევ პირველ ინსტანციაშია და არავითარი მნიშვნელობა საქმეს არ აქვს რეალურად ისე, რომ ფინალისკენ წავიდეს. პარალელურად, მოხდა ის, რაც მოხდა – სამაჯურის გახსნა, მოხსნა და ამის შემდეგ, მოსამართლემ გამოიტანა განჩინება 70 000 ლარზე. მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო დღევანდელი ჩვენი სასამართლოს მდგომარეობაზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში ვერა და ვერ განთავისუფლდა ადეიშვილის მოსამართლეებისგან. ეს მდგომარეობა, მაპატიეთ, რა თქმა უნდა, ახლა მისმენენ მოსამართლეები, ყველა მოსამართლეს ეს არ ეხება, ცხადია, მაგრამ ის ოდენობა მოსამართლეებისა, რომლებიც ჯერ კიდევ თავის აუგს სჩადიან ნებისმიერ ინსტანციაში, კვლავაც იმყოფებიან იქ საკმაოდ კომფორტულად. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ინიცირება გავაკეთოთ იურიდიულ კომიტეტში კიდევ ერთი პაკეტისა, რომელიც ეხება იმ ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოებს. პრაქტიკულად, დღეს შეუზღუდავი უფლებები გააჩნია სასამართლოს. კონკრეტულად ნიკანორ მელიაზე აღარც ვიტყვი, როგორც უნდათ იმდენ ხანს იწელება და რანაირადაც უნდათ, იქედან აბავენ ყურს დოქს.

უნდა დამთავრდეს ეს ამბავი და ჩვენ ამ კანონმდებლობას ბოლომდე გავყვებით. რეალურად, მივიღეთ სურათი და ამაში არ ვადანაშაულებ პროკურატურას – იმის მაგივრად, რომ მათ მოემართათ იმ დიდ საქმეზე, რაზედაც საუბარია წლი-ნახევრის საქმეზე, დღეს ჩვენთან შემოვიდა საქმე, რომლის გამოც ჩვენ იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ, რომ ნაწილობრივ არ გადაიხადა ნიკანორ მელიამ ეს თანხა. აი, სწორედ ამის გამო, იმისათვის, რომ დავინახოთ, რატომ ვვარდებით ასეთ მდგომარეობაში, იგივე სასამართლოების გამო, ჩვენ ამ შეწყვეტას მხარს ვერ დავუჭერთ. იმედია, გაგებით მოეკიდებით მიზეზებს ამ საქმისა და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული ეს ორი ინიციატივა, ერთი ბატონმა ავთანდილმა გააჟღერა და მეორე აგერ, მე გითხარით, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.