დავით ზილფიმიანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა -  ღმერთმა მოგცათ საშუალება, რომ ბოროტებაზე პასუხი არავინ გაგებინათ, ახლა წადით, დაცალეთ ველი
დავით ზილფიმიანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - ღმერთმა მოგცათ საშუალება, რომ ბოროტებაზე პასუხი არავინ გაგებინათ, ახლა წადით, დაცალეთ ველი

წადით, დაცალეთ ველი, ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ საშუალება, რომ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი, წადით, დაცალეთ ველი, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის სესიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში.

„ხელისუფლების შეცვლა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო, მოხდა. მე და ბევრი თქვენთაგანი ვიყავით მათი მხარდამჭერები და მოვიდნენ ხელისუფლებაში. იმ დროისთვის ეს იყო შეუბღალავი, სუფთა ძალა. დღეს იგივე მეთოდებით, იგივე ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამჯერად ხალხის რისხვის ზღვა ახლავს თან ამ პარტიის წარსულს. რა თქმა უნდა, ლავირება მათი გამოსავალი იქნებოდა. მოხდა კიდეც თითქოს გადახალისება, გაახალგაზრდავება, ამას ბატონო ნიკანორიც დაადასტურებს, ეს პოზიტიურად იყო აღქმული, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, არავითარი დისტანცირება პირსისხლიანი ხელმძღვანელობისგან, არ ყოფილა. გამოჩნდა ისევ ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა და თქვა, უჩემოდ გამარჯვება არ იქნებაო, როგორც დამთავრდა ვნახეთ. „ნაცმოძრაობამ“ რეალურად უზრუნველყო და გახდა გარანტორი ხელისუფლების სამი ვადით დარჩენისა. თუ ასე გაგრძელდა, ის მეოთხე ვადით დარჩენის გარანტი გახდება. რატომ ვატყუებთ და ცრუ მოლოდინებით რატომ ვაცხოვრებთ საზოგადოებას?! პირველ რიგში მათ ვეუბნები, სად მოხდა იმ ცოდნის მიღება, რომლითაც შეგვიძლია საზოგადოებას ვუთხრათ, იცით რა, თუ ახლა ჩვენ მოვიგებდით რამდენიმე ადგილობრივ თვითმმართველობას, მაშინ ხელისუფლება შეიცვლება, ახალი არჩევნები დაინიშნება. ყოველ წელს ხდება ევროპაში ასეთი რამ. ხალხის სიბრძნეა ეს, რომ კონკურენცია გააჩინოს. ოცივე თვითმმართველი ქალაქი რომ მოეგო, ეს მაინც არ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხში მიდის ინტენსიური მომზადება, თითქოსდა რაღაცა იგეგმება. ეს იმედგაცრუება, რისკენაც მიჰყავთ მოსახლეობა, აუცილებლად უკან ბრუნდება მერე ბუმბერანგივით“, – განაცხადა დეპუტატმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს კოალიციას იმ სახით, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ შედის.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ამხელა რისხვის ქვეშ მყოფი პარტია, თუ მოხდა ისე, რომ ქუჩის აქციებმა, არეულობებმა რაიმე სახით მაინც საზოგადოებაში სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში ისევ თვითონ იქნებიან წალეკილები. ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა „ოცნებამ“, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა. იმის მაგივრად, რომ წავიდნენ და დაცალონ ველი, ველის დაცლა კი არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს, ჯანმრთელი ოპოზიცია. რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს, ხალხის ის დიდი მასა, ვინც ნახა მათი წარსული, არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“. წადით, დაცალეთ ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი. წადით, დაცალეთ ველი. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ მეორე ვადით მოხდეს საქართველოში ხელისუფლების დატოვება და ამის გარანტორი თქვენ დარჩეთ თქვენი საქციელით“, – განაცხადა ზილფიმიანმა.