დავით ზილფიმიანი - გამიხარდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება, პრაქტიკულად არ იყო
დავით ზილფიმიანი - გამიხარდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება, პრაქტიკულად არ იყო

დღეს ალბათ ყველა კარგ გუნებაზე ვართ, რადგან ევროპამ აშკარად სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რისკენაც ჩვენ ამდენი ხანია, ვილტვით. ამიერიდან, როგორც ევროპული საქონელი, ისე ჩვენი ბიზნესმენების მიერ ნაწარმოები პროდუქცია ევროპის ბაზარზე შეზღუდვის გარეშე მოხვდება“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, როგორც ევროპული საქონელი, ისე ჩვენი ბიზნესმენების მიერ ნაწარმოები პროდუქცია ევროპის ბაზარზე შეზღუდვის გარეშე მოხვდება. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ძალიან, ძალიან დიდი მოვლენაა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, ზილფიმიანი ამბობს, რომ ეს ახალი არ არის, თუმცა ფაქტი კიდევ ერთხელ დაგვირგვინდა.

„ის, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდაო, ახალი არ არის. ამით გვირგვინი დაედგა ამ მოვლენას. ნაწილი, რომელსაც ჰქვია თუნდაც ჩვენი, ორი ოპოზიციური პარტიის შესვლა პარლამენტში, პოზიტიურად არის გაშუქებული და ძალიან შეუწყობს ხელს, რომ დანარჩენი პარტიებიც მალე ვიხილოთ ჩვენთან ერთად პარლამენტში. საკითხებიდან კრიტიკული იყო სასამართლოს საკითხი. ევროპის თვალსაზრისით, სასამართლოს პრობლემა კვლავინდებურად რჩება. მე კი მიმაჩნია, რომ კრიტიკული საკითხები სხვაც ბევრი გვაქვს. მუდამ იმას რომ ვიძახით, ამ სასამართლოს მიხედვა, მოვლა და შეცვლა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება, რათა ძირფესვიანად შევცვალოთ. ჩვენი სასამართლო კრიტიკას მართლაც ვერ უძლებს.

ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი რწმუნება, რომ უსაფრთხოების საკითხში ისინი ჩვენ გვერდით დგანან. ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკელებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელი მოწერილი არ გვაქვს, მაგრამ ამ დონეზე რომ გაჟღერდება, ჩათვალეთ, დღეს ჩვენ მივიჩნევით ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად. პრაქტიკულად, ყველაფერზე პოზიტივია და ეს გამიხარდა. ნეგატივები, რომელსაც მე, როგორც ოპოზიციონერს, მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს, იმ ნაწილშიც კი არ იყო რაიმე ნეგატივი ევროპის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

ამასთან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ზილფიმიანი აცხადებს, რომ ევროპელთა რეკომენდაციები როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს.

„როგორც შეთანხმების არამონაწილე მხარე, იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ ამ მოლაპარაკებების თემას, მაგრამ ჩემს შეხედულებას გეტყვით. როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს გვაქვს ერთგვარი პატივისცემა ევროსტრუქტურებისა და მით უმეტეს, ასეთი რანგის ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ამ კონსულტაციების ბოლოს, შესაძლოა დღეს ან ხვალ, ევროპელებმა დადონ შემოთავაზება. დიდი შეცდომა იქნება, თუ ევროპელების მიერ რეკომენდებულს ისინი, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, არ გაითვალისწინებენ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.