დავით ზალკალიანსა და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დავით ზალკალიანსა და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბრის დასაწყისში მინისტრებმა შეაფასეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ავსტრიაში არსებული ვითარება და ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის სფეროს აღორძინების მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მხრიდან საქართველოს სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხარდაჭერას და ამ მხრივ, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს განსაკუთრებულ ჩართულობას. ალექსანდერ შალენბერგმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ საქართველო ავსტრიისთვის პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება და განვითარების სფეროში თანამშრომლობის საქართველოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზრდება. მინისტრმა ავსტრიელ კოლეგას გააცნო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შედეგები. ამავე დროს, მინისტრებმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები და ინიციატივები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის მზადება და მოლოდინები.

დავით ზალკალიანმა და ალექსანდერ შალენბერგმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას. ამას გარდა, გაუზიარეს ერთმანეთს რეგიონულ საკითხებზე თავიანთი ხედვები. საუბრის ბოლოს, მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით.