დავით ზალკალიანმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრობა და მჭიდრო პარტნიორობა.
სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. აღინიშნა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ამ გზაზე და იგი მოწინავე ქვეყანაა რეფორმების, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესში და ასევე პასუხობს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების საკითხი და იქ შექმნილი ვითარება მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
დავით ზალკალიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა, ასევე საქართველოს მთავრობის პროგრამის პრიორიტეტებისა და ქვეყნის განვითარების ხედვა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ორი მეგობრული ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.