დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სენატორ ბენ კარდინთან
დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სენატორ ბენ კარდინთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან.

საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს.

თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.