დავით ზალკალიანმა საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა
დავით ზალკალიანმა საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა

მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერისა და ამ პროცესში ჩართულობისთვის, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კომენტარს, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.

„ერთობლივი მუშაობით, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა პრიორიტეტულ სფეროში არსებობს“, – წერს ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოსთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმა.