დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხები განიხილა
დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხები განიხილა

რუმინეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მეორე დღეა, შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან. დღეს დავით ზალკალიანი შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ნატო-ს მომავალ სამიტსა და მოლოდინებს.

მხარეებმა ისაუბრეს იმ სამმხრივ მინისტერიალზეც, რომელიც დღეს ბუქარესტში რუმინეთის, თურქეთისა და პოლონეთის საგარეო და საქმეთა მინისტრების ფორმატში იმართება და რომელსაც წელს პირველად ესწრება საქართველო და უკრაინა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა.

„პოლონეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის სტრატეგიული დიალოგ. დღევანდელი შეხვედრა იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ამ ფორმატში არსებული ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული. ბუნებრივია, უმთავრესი იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და ის, თუ როგორ შეიძლება, ამ სიტუაციიდან მოიძებნოს გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამ კონტექსტში დღევანდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არამხოლოდ პოლონეთთან, არამედ სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან გვექნება ამის შესახებ საუბარი. მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობა და მათი ჩართულობა ყველა ამ პროცესში. ბუნებრივია, ეს მივიღე ჩვენი პოლონელი კოლეგის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდანაც ნატო-ში ინტეგრაციის თემები იყო განხილული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველო აუცილებლად იყოს გათვალისწინებული.

„ვემზადებით ნატო-ს მომავალი სამიტისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველო აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. არ არსებობს პრობლემური საკითხი საქართველოსა და პოლონეთს შორის. მქონდა ვიზიტი ცოტა ხნის პოლონეთში, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას. მან მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დასრულებას, ისე დასრულებას, როგორც ეს მოხდა. მე მას მივაწოდე კიდევ დამატებითი ინფორმაციები ამ პროცესთან დაკავშირებით და იმედი გამოითქვა, რომ საქართველო როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი რეგიონში, კვლავ გააგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს..

„ვისაუბრებთ უკვე ჩვენს მომავალზე, ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც ოკუპაციის მიმართულებით, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.