დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის სიღრმე და მასშტაბი და გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და შეთანხმდნენ მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.