დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან – სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს რვა მოქალაქის გატაცების შესახებ.
სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას, და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა. ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.