დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონელ კოლეგასთან ევა-მარია ლიიმეტსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილული იყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოსა და ესტონეთის ურყევ მხარდაჭერას. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა.

ამავე ინფორმაციით, ევა-მარია ლიიმეტსმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.