დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარჰეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდპანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.
საგარეო უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.