დავით ზალკალიანმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორჩეულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და არსებულ პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრეს
დავით ზალკალიანმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორჩეულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და არსებულ პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ევა მარია ლიიმეტესს ტელეფონით ესაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

„ესტონეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორისა და ახლო მეგობარი სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზი გაესვა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და შექმნილი გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას.

„მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კუთხით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.