დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის
დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლოდროინდელი დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებითი შედეგების  მიღწევის შესაძლებლობები.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლების აუცილებლობა და ამერიკელ პარტნიორებს ამ მიმართულებით ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალური ძალისხმევა იქნას მიმართული რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამასთან, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დღის წესრიგში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის აქტიურად და რეგულარულად დასმის კრიტიკულ მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის.

თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს, ამერიკელმა პარტნიორებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უმნიშვნელოვანესი ფასილიტაციის გაწევისთვის, რამაც, მათ შორის აშშ-ის ჩართულობით მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო ბაქოსა და ერევანს შორის. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.