დავით ზალკალიანის სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
დავით ზალკალიანის სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2021 წლის 14 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სლოვენიაში პირველად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო.

მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშვნა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში – პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით, საქართველო-სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა ანდრეი მალგაიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 14-16 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს  გამართავს  ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის  პირებთან.