დავით ზალკალიანის საკომიტეტო მოსმენისას, ბექა ნაცვლიშვილი ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინების თემით დაინტერესდა
დავით ზალკალიანის საკომიტეტო მოსმენისას, ბექა ნაცვლიშვილი ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინების თემით დაინტერესდა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზღვარგარეთის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების უფლების მიცემით, სამინისტრო კვალიფიციური კადრების მიგრაციას უწყობს ხელს.

„სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც იგივე ტენდენციაა – შედარებით კვალიფიციური კადრები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ რჩებიან, რაც აკლდება ეკონომიკას. თქვენ სიამაყით აცხადებთ, რომ კიდევ უფრო ხელს შეუწყობთ აღნიშნულ პროცესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებს აძლევთ. ამ ადამიანების მოტივაცია გაიზრდება, რათა დატოვონ ჩვენი ქვეყანა. ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად ხდება, რომ სახელმწიფო აპირებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი დახარჯოს განათლებაზე. ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ვართ. რატომ უნდა ვაფინანსებდეთ სხვა ქვეყნების ეკონომიკას ამ ლოგიკით, მაგრამ თუ ჩვენ ადამიანებს კვალიფიკაციას ვაძლევთ, ე.ი. უნდა ვქმნიდეთ ისეთ სამუშაო ადგილებს, რომ ისინი აქ რჩებოდნენ. ანუ, რამდენად თანხვედრაშია ეს ორი ტენდენცია. ძალიან მოკრძალებულად გამოვხატავ ჩემ აზრს, სიმართლე რომ გითხრათ“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად აუცილებელია, ადგილზე შეიქმნას ისეთი სამუშაო პირობები, რომ ეს ადამიანები საქართველოში დარჩნენ.