დავით ზალკალიანი - ზუსტად 30 წლის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და მას შემდეგ ამერიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
ზუსტად 30 წლის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და მას შემდეგ ამერიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ წერს.
„ზუსტად 30 წლის წინ – 1991 წლის 25 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და მას შემდეგ ამერიკა, როგორც საქართველოს დიდი მეგობარი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და განვითარების მიმართულებით.
ალბათ, ეს დიდი მეგობრობა, რომელიც ფორმალურად 30 წლის წინ დაიწყო, შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან საქართველო გაცილებით ადრე – საუკუნეების წინ იზიარებდა და ეფუძნებოდა იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რისი აქტიურ დამცველადაც გვევლინება ამერიკის შეერთებული შტატები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სანიმუშოა და საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ორი ერის ერთიანმა სულისკვეთებამ, თავდადებამ და ურთიერთდახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკეთესი მსოფლიოს ფორმირებაში“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.
დავით ზალკალიანი აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით“.