დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს იყო ბოლო ექვსი არჩევნებისას
დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს იყო ბოლო ექვსი არჩევნებისას

2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩავატარეთ და ყველა იყო სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ეუთო-ს პრინციპებთან; იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ის შეფასებები, რომელიც თითოეული ამ არჩევნების შემდეგ მოყვა ეუთო/ოდირი-ს შეფასებებს, როგორც წინასწარ, ისე საბოლოო განცხადებებში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

„თუმცა, ჩვენი ოპონენტებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო, 2020 წლის არჩევნებიც ეუთო/ოდირი-ს მხრიდან იქნა შეფასებული, როგორც კონკურენტუნარიანი არჩევნები, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლების ნორმა, პრინციპი, მათთვის იყო მიუღებელი. ქვეყანა შეიყვანეს შვიდთვიან, ხელოვნურ კრიზისში.

აი, ეს არის მათი ხელწერა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, ისე, როგორც ეს იყო ბოლო ექვსი არჩევნების განმავლობაში. ამისთვის საჭირო არის საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საქართველოში. ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში დავიწყეთ მზადება, როდესაც არჩევნების თარიღიც კი არ იყო გამოცხადებული. მაშინ მოვიწვიეთ ისინი და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეუთო/ოდირი აკვირდება როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისიით, გვეყოლება ევროპარლამენტარებიც და ყველა, ვისაც აქვს სურვილი, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, რათა აუცილებლად შეაფასონ, როგორი არჩევნები იყო ადგილობრივი არჩევნები, როგორ შეესაბამებოდა ის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს, რათა ამ არჩევნებს ჰქონდეს პირველ რიგში, ჩვენი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაცია. ეს ჩვენი ვალდებულებაა. როდესაც ეუთო-ს წევრი ხდები, ეს ხდება ვალდებულება, რომ არჩევნები ჩაატარო ეუთო-ს პრინციპების და ნორმების შესაბამისად, იქ შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიული, როდესაც მას მონიტორინგს უწევს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ეუთო/ოდირი არის მთავარი სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.