დავით ზალკალიანი - ყველა საერთაშორისო ფორმატი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ რუსეთს, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალიან მკაცრად მოეთხოვოს პასუხი
დავით ზალკალიანი - ყველა საერთაშორისო ფორმატი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ რუსეთს, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალიან მკაცრად მოეთხოვოს პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე მომზადებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. ზალკალიანი აცხადებს, რომ მეგობარი ქვეყნების განცხადება საკმაოდ მძაფრია, ყოვლისმომცველია და ასახავს ადგილზე შექმნილ სიტუაციას.

„ბოლო ოთხი წელია, მაქსიმალურად ვიყენებთ საქართველოს მეგობარი ჯგუფის წევრების ფორმატს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაცია მოხდეს მინისტერიალის ფარგლებში. იმის გამო, რომ ეუთო-ში არსებობს გადაწყვეტილებების მიღების კონსენსუსის პრინციპი, საქართველოზე გადაწყვეტილება მუდმივად იბლოკება ერთი ქვეყნის მიერ – ეს გახლავთ რუსეთის ფედერაცია, რომელიც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძებნა ახალი საშუალება და მექანიზმი, რომ საქართველოს პრობლემატიკა არ დარჩენილიყო მინისტერიალის განსახილველი საკითხების მიღმა.

წელსაც, ისევე, როგორც გასული სამი წლის განმავლობაში, გვაქვს მეგობარი ქვეყნების საკმაოდ მძაფრი განცხადება, რომელიც ყოვლისმომცველია და ასახავს ადგილზე შექმნილ სიტუაციას, მიუღებლობას იმისა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და აუცილებელია, რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, ეუთო-ს და მთლიანად, თანამედროვე მსოფლიოს საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრების მიერ, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღეს. სწორედ ამაზე მქონდა მე საუბარი ჩემს გამოსვლაში. მინდა, საზოგადოებამ კიდევ კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ მსოფლიო თანამეგობრობასთან და წელს გვქონდა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც გამოეხმაურნენ საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და ბორდერიზაციის პროცესს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად, ყველა საერთაშორისო ფორმატზე, ეს იქნება მინისტერიალი, სამიტები თუ სხვა სახის შეხვედრები, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ იმ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალიან მკაცრად მოეთხოვოს პასუხი და ეს საკითხი მუდმივად იდგეს ყველა საერთაშორისო ფორმატში და ჩვენ ამას სწორედ მსგავსი სახის განცხადებებით და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციით ვახერხებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კანადა და აშშ.