დავით ზალკალიანი - ყველა ნაბიჯს გადავდგამთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა, კვლავ ვიხილოთ თბილისისკენ მომავალი ტანკები, ბომბების ხმაზე გაღვიძებული შვილები
დავით ზალკალიანი - ყველა ნაბიჯს გადავდგამთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა, კვლავ ვიხილოთ თბილისისკენ მომავალი ტანკები, ბომბების ხმაზე გაღვიძებული შვილები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს.

ზალკალიანის თქმით, საფრთხე რეალურია და საქართველოს ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაა, უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით,  ყოველი ნაბიჯი კი იყოს პარტნიორებთან კოორდინაციაში.

„პირველი, რაც ჩვენ გვაწუხებს, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ყველა ნაბიჯი, რაც აქამდე გადავდგით და რომელსაც მომავალში გადავდგამთ, იქნება სწორედ ჩვენი ეროვული ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის და მათთან კოორდინაციის შედეგად. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. საფრთხე რეალურია. უკრაინაში საომარი ოპერაციებისა და ომის დაწყებამდე არავის ეგონა, რომ აგრესია ასეთ მასშტაბებს მიიღებდა.

რუსეთს არ სჭირდება განსაკუთრებული მობილიზაცია საქართველოს გარშემო, რადგანაც ისინი უკვე აქ არიან, ჩვენს ტერიტორიაზე, თბილისთან ძალიან ახლოს. მგონია, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს ძლიან კარგად ესმის, განსხვავებით იმათგან, ვისაც უნდა, უკრაინის თემა გამოიყენოს საკუთარი პლიტიკური ინტერესებისთვის. არ მეგულება დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა, სადაც სხვა ქვეყნის ტრაგედია და კრიზისი არის გამოყენებული შიდა პოლიტიკური ბრძოლებისთვის. იგივე მოლდოვა რომ ავიღოთ, მათი პოზიცია ბევრ რამეში ჩვენი იდენტურია, მწყობრი და კორდინირებული ნაბიჯები გვაქვს იგივე პოლიტიკური მხარდაჭერის, იგივე სანქციებთან მიმართებაში. ხედავთ თქვენ იქ რაიმე აქციებს ან მოწოდებებს ხელისუფლების გადადგომასთან დაკავშირებით? არც სხვა ქვეყნებში მინახავს მსგავსი რამ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, საზოგადოება ბრძენია და გამოიტანს სწორ დასკვნებს, რას ემსახურება მსგავსი მცდელობები ოპონენტების მხრიდან, რომლებიც, მისივე განმარტებით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესს, რაც შეიძლება მეტად ჩაითრიონ საქართველო პროვოკაციულ ქმედებებში, რათა შემდეგ მოხდეს მათი დადანაშაულება.

„ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, დასკვნებიც გამოტანილი. ჩვენ არ გვინდა, რომ კვლავ ვიხილოთ თბილისისკენ მომავალი ტანკები, არ გვინდა, ვიხილოთ ბომბების ხმაზე გაღვიძებული შვილები, ახალგაზრდები და მშობლები. ეს აქ იყო სულ რამდენიმე წლის წინ და უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ვის გაუკვირდება, რომ იგივე ვიხილოთ საქართველოში. ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ და თავიდან ავაცილოთ ქვეყანას ის საფრთხეები, რომლებიც რეალურია. მე არ მინდა, დეტალებში შევიდე. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის, ანუ ის, რაზეც საუბრობს საფრანგეთის რპეზიდენტი მაკრონი ან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომ საფრთხეები დღეს რეალურია და არავინ დაცული არ არის. ნატო-მ მოიყვანა სამხედრო მზადყოფნაში თავისი შენაერთები და იმ ფონზე, რაც დღეს ხდება, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, ამ უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაში ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, ჩვენი ყოველი ნაბიჯი კი იყოს კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან.