დავით ზალკალიანი - პარტნიორებთან კოორდინაცია დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა მდგრადი დემოკრატია, საქართველო დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად გვექცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ონლაინკონფერენციაზე – Georgia and its Neighborhood – სიტყვით გამოვიდა, სადაც აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.
ზალკალიანის თქმით, გასული თვეების განმავლობაში ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში საქართველოს აშშ და სხვა ევროპული პარტნიორები დაეხმარნენ.
„ჯანდაცვის სექტორში აშშ-სთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა და ხაზგასმით აღნიშნა ამერიკული დახმარების შედეგად შექმნილი, მსოფლიო დონის, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიის წვლილი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
თავის გამოსვლაში უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მზაობაზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი, არის აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური.
„ვერაფერი ვერ მოემსახურება ურთიერთობების გამყარების მიზანს ისე კარგად, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული და ამავდროულად ჩამოვაყალიბოთ ახალი კავშირები“, – განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, წლების განმავლობაში არსებული თანამშრომლობა და კოორდინაცია დაეხმარა საქართველოს, ჩამოყალიბებულიყო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად.
მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, აშშ-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, სახელმწიფომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებების და პროგრესული საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ეფუძნება ევროპის საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებს და აერთიანებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის ძლიერი სურვილი და უდიდესი ძალისხმევა, გაზარდოს საპარლამენტო პლურალიზმი და 2024 წლისთვის გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე, არის საქართველოში არჩევნების უპრეცედენტოდ სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მზადყოფნის დემონსტრირება.
დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.