დავით ზალკალიანი - ვოლფგანგ იშინგერის განცხადებები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში უაღრესად მისასალმებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიერ ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს გაკეთებული განცხადებები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში უაღრესად მისასალმებელია.
„ძალიან კარგია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურები მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ვოლფგანგ იშინგერი არის მიუხენის კონფერენციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, წამყვანი ფიგურა და მისი მხრიდან ასეთი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში არის უაღრესად მისასალმებელი. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გაცილებით წინ არის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესებში, ვიდრე ეს ამ განცხადებაში იყო ნათქვამი – საგზაო რუკაზე იყო საუბარი. მინდა შეგახსენოთ, საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ეს არის ასახული კიდევაც ყველა დეკლარაციაში. ბოლო დეკლარაცია მინდა გამოვყო, რომელიც მიღებული იყო უმაღლეს დონეზე, ნატო-ს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, სადაც კიდევ ერთხელ არის გამყარებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, მათ შორის ჩამოთვლილია ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია, ინტეგრაციულ პროცესებში წინ ვართ, თუმცა მსგავსი სახის მხარდამჭერი განცხადებები მისასალმებელია და ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული გზავნილები იყოს ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მათ შორის, ბათუმის კონფერენცია, მიუნხენის უსაფრთხოების მომავალი კონფერენცია და სხვა კონფერენციები მომავლშიც აქტიურად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა, რომ დროა, შემუშავებული იყოს კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის.