დავით ზალკალიანი - ვაქცინაციის პროცესს სწრაფად თუ გავივლით, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის გაცილებით მაღალი შესაძლებლობა ექნებათ
დავით ზალკალიანი - ვაქცინაციის პროცესს სწრაფად თუ გავივლით, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის გაცილებით მაღალი შესაძლებლობა ექნებათ

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას და სწრაფად თუ გავივლით ამ პროცესს, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, გაცილებით მაღალი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივად ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ აცრილ მოქალაქეებს შეეძლოთ სხვა ქვეყნებში შესვლა, როცა საზღვრები გაიხსნება, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.

„ყველა ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებშიც, შესაბამისი უწყებებიც არიან ჩართული. იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები, იგივე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ ქვეყანა ტურისტებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი კომპონენტია და როგორც არასდროს, პოსტპანდემიურ პირობებში, საქართველოში ისე გვჭირდება მეტი ტურისტი ვიხილოთ. ამიტომ სწორედ ის, რასაც თქვენ საუბრობთ, არის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი და საშუალება იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი გადაადგილება და გარკვეული ბარიერები არ იყოს შექმნილი ტურისტებისთვის. ამაზე ვფიქრობთ, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. გარკვეულ ქვეყნებთან საუბრები მუდმივად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება ამას. სამეზობლოსაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები. მოგეხსენებათ, თურქეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, აზერბაიჯანშიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს კოორდინირებულად. იგივე ევროკავშირის პოლიტიკაც მესამე ქვეყნებთან, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე არის დამოკიდებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ვაქცინირებული და თუკი ჩვენ სწრაფად გავივლით ამ პროცესს, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, გაცილებით მაღალი იქნება.

ამიტომ ვფიქრობ და მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ მიმართულებით სწორად მიდიან. ვფიქრობ, რომ შედეგიანობა უახლოეს პერიოდში უნდა გვქონდეს მაღალი. ყოველდღიური ვაქცინაციის რაოდენობა მოქალაქეების აუცილებელია გაიზარდოს. თუკი გვინდა სწრაფად გადაადგილება და სწრაფად გახსნა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.