დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრს, რალფ რეგენვანუს შეხვდა
დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრს, რალფ რეგენვანუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრს, რალფ რეგენვანუს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში უწყების მინისტრებმა ხელი მოაწერეს მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ეს ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

„ჩემთვის პატივია ამ ისტორიულ დღეს გადმოგცეთ ვანუატუს ხალხისა და ხელისუფლების სალამი. მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ ჩვენს ურთიერთობაში. ვანუატუს ხალხის სახელით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მყარს ურთიერთობებს, ამ ურთიერთობას წინ უძღვება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, როგორებიცაა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის საქმიანობაში ჩაურევლობის პატივისცემა. ვიზიტი გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. გიწვევთ, ჩამობრძანდეთ ვიზიტით ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა რალფ რეგენვანუმ.

რალფ რეგენვანუს საქართველოში ვიზიტი 15 მარტამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა  2011 წელს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვანუატუმ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გაერო-ში ვანუატუს ელჩმა კი განაცხადა, რომ ვანუატუს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაცია უარყო.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ვანუატუს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან რალფ რეგენვანუსთან. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ვანუატუს შორის ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისთვის, რომლის საფუძველზეც ვანუატუმ გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება.

დატოვე კომენტარი