დავით ზალკალიანი - უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა განაგრძოს სვლა დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ
დავით ზალკალიანი - უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა განაგრძოს სვლა დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ

ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მკაფიოდ ადასტურებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართ ჩვენს ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მილანში, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა კვლავ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევებისა და საერთაშორისო წესებზე დამყარებული წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ტარდება.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მდგომარეობის შემდგომ დესტაბილიზაციას იწვევს საქართველოს ტერიტორიაზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევით, რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაფართოება.

რუსეთის ფედერაცია აქტიურად დგამს უკანონო ნაბიჯებს რეგიონების ფაქტიური ანექსიის მიმართულებით. ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით საოკუპაციო ხაზის გამაგრების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ორივე რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევით, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციით. ამასთან, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს – ეთნიკური წმენდის მსხვერპლს, კვლავ წართმეული აქვს თავის საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება.

ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის – არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც გასულის წლის მარტში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და წამებით მოკლა, ასევე ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების – გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები წარმოადგენს კიდევ ერთ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა საქართველოს ორივე რეგიონში, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პოლიტიკის ერთგულია.

„იცავს რა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს, საქართველომ ცალმხრივად არაერთხელ იკისრა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და მას კეთილსინდისიერად ასრულებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას თავადაც იკისროს და შეასრულოს შემხვედრი საერთაშორისო ვალდებულება.

საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციულ მონაწილეობას. უკვე ათი წელია, რაც ეუთო, გაერო და ევროკავშირი თანათავმჯდომარეობას უწევენ საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, თუმცა, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად, რაც, პირველ რიგში, რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზაობას მოითხოვს. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების როლი და მნიშვნელობა, რომელთა მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით.

„ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მკაფიოდ ადასტურებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართ ჩვენს ერთგულებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ​სუამ-ის სივრცეში კონფლიქტების არსებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ეს კონფლიქტები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული შეიარაღებული აგრესია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

მოცემულ სიტუაციაში, მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ ცხადყო, რომ ეუთო-ს კვლავ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უსაფრთხოების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ განაგრძოს სვლა დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ და მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ახლახან ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. პროცესი თავისუფალ და კონკურენციულ გარემოში წარიმართა. საქართველომ ექვსი წლის ვადით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მადლობას ვუხდით ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის და გამოვთქვამთ მზაობას, გავითვალისიწნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები. საქართველოს მთავრობა მოუთმენლად ელის ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რათა იმოქმედოს მისი რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საერთო იმედგაცრუებას იწვევს კონფლიქტის პრევენციის ძირითადი ელემენტის – ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის კუთხით არსებული მდგომარეობა.

„ჩვენ ვაფასებთ სტრუქტურულ დიალოგს, როგორც მოუგვარებელ საკითხებზე, მათ შორის ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე, ვენის დოკუმენტი“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.