დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას ჩინური ვაქცინების ტრანსპორტირებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას ჩინური ვაქცინების ტრანსპორტირებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს მადლობას უხდის ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული  დახმარებისთვის.

„მადლიერი ვარ, ძვირფასო პიტერ, თქვენი წვლილისთვის, რომ მომხდარიყო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საქართველომდე უვნებლად ტრანსპორტირება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!“, – წერს ზალკალიანი, რითაც ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იტვირთება ჩინეთიდან უნგრეთისა და საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინები უნგრულ თვითმფრინავში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილო ვაქცინები, რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში დღეს ჩამოვა. პეკინში ვაქცინების უნგრულ თვითმფრინავზე დატვირთვის ამსახველი ვიდეო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გამოაქვეყნა.