დავით ზალკალიანი - უკრაინის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება შეჯამებისთვის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ საერთო გამოწვევებს ეფექტურად გავუმკლავდეთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა.
მისივე თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება შეჯამებისთვის, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ორმა ქვეყანამ საერთო გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, რაც გამოწვეული იყო ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ ეს ურთიერთობები უკვე ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა. სულ ცოტა ხნის წინ გახლდით ოფიციალური ვიზიტით, მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები. დღეს ვუმასპინძლებთ უკვე, მივიღებთ უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ძალიან სწრაფად განვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენ შევეცდებით, რომ ის საერთო გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული როგორც კონფლიქტებთან მიმართებაში, ოკუპაციასთან, ასევე ჩვენს მოლოდინებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, უფრო სწრაფი ტემპებით გადაიჭრას.
ჩვენ უკვე, გავაფორმეთ ფორმატი „ასოცირებული ტრიოს“ სახით, დაგეგმილი არის კონკრეტული ნაბიჯები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, გვექნება ერთობლივი ღონისძიებები, რათა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადი გავხადოთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად. ჩემს კოლეგასთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საქართველოს და უკრაინის თემატიკა იყოს აქტუალური მოახლოებულ სამიტზე, ნატო-ს სამიტზე. ძალიან ბევრი კულუარული საქმიანობა არის გაწეული ჩვენი მხრიდან პარტნიორებთან მიმართებით, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს კოლეგა მინისტრებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ერთგვარად შევაჯამოთ სად ვიმყოფებით და რა ნაბიჯები არის გადასადგმელი, რომ ამ გამოწვევებს ჩვენ ეფექტიანად გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა ჩვენ ვიმოქმედოთ ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს 2-4 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა.