დავით ზალკალიანი - უახლოეს პერიოდში მექნება ვიზიტი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკური დიპლომატია იქნება
დავით ზალკალიანი - უახლოეს პერიოდში მექნება ვიზიტი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკური დიპლომატია იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ექნება ვიზიტი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, სადაც მხარეები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ დიპლომატიას განიხილავენ.

მისი თქმით, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური პროექტების ეკონომიკური თვალსაზრისით წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.

„პანდემიის დროს, ის უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველომ მოიპოვა, იგივე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის აქტიური ჩართულობით. თუნდაც იგივე „პისიარ“ ტესტების ჩამოტანა, ვაქცინაზე მიმდინარე პროცესში ყველა ჩვენი დიპლომატიური მისია არის აქტიურად ჩართული. ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა საქართველომ, იგივე უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა არის შექმნილი ქვეყანაში. ვმუშაობთ კონკრეტული მიმართულებებით ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან. პრემიერის ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში, მან განსაკუთრებით ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან ჩვენი დამაკავშირებელი კორიდორისა და ფუნქციის მნიშვნელობის წამოწევაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, შავ ზღვას ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების კუთხით და შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განვითარებისა და შესრულების თვალსაზრისით.

„ყველა ამ ძირითად მიმართულებებზე მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ამერიკელ პარტნიორებთან, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარნტიორებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, საქართველო მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პროექტებში არის ჩართული. უახლოეს პერიოდში მექნება ვიზიტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ეს იქნება – ეკონომიკური დიპლომატია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტების ეკონომიკური თვალსაზრისით წახალისება და ერთობლივი პრეზენტაცია იმ ქვეყნებში, საიდანაც შესაძლებელია საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთების მოზიდვა. ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.