დავით ზალკალიანი - არჩევნების მეორე ტურზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება უზრუნველყოფილი იქნება, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია
დავით ზალკალიანი - არჩევნების მეორე ტურზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება უზრუნველყოფილი იქნება, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასევე არჩევნებზე იქნებიან მოკლევადიანი დამკვირვებლებიც, რომლებიც უშუალოდ მეორე ტურის მეორე დღეს დააკვირდებიან.

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ შეხვედრა მქონდა ეუთო/ოდირი-ს მისიის ხელმძღვანელთან და მის დირექტორთან, მათ მაშინვე დამიდასტურეს, რომ მისია ფუნქციონირებას და დაკვირვებას გააგრძელებდა საარჩევნო პროცესზე, რაც უპრეცედენტოა, რადგან ადგილობრივ არჩევნებზე არ არსებობს პრეცედენტი. ჩვენ ვართ მხოლოდ გამონაკლისი, როცა ეუთო/ოდირი არის დაპატიჟებული და ის ახორციელებს გრძელვადიან დაკვირვებას, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ჰყავთ. მით უმეტეს, მეორე ტურს საერთოდ არ ესწრებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ისინი მეორე ტურზე აუცილებლად ყოფილიყვნენ და რწმუნება მაქვს, ვიცი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა დარჩა, მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლებიც იქნებიან, რომლებიც უშუალოდ არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს დააკვირდებიან, მათ შორის ევროპარლამენტარებიც იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე პოზიტიურ შეფასებას მივიღებთ, რაც წინასწარი შეფასება იყო პირველი ტურის შემდეგ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი.

„ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არც დამდგარა და არც დადგება, ყველა საერთაშორისო პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, უზრუნველყოფილი და გათვალისწინებული იყო საერთაშორისო სტანდარტები, არჩევნები იყო თავისუფალი. ასევე აღნიშნავენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი იყო არჩევნების ადმინისტრირება, როგორც არასოდეს ისეთ მაღალ დონეზე და კანონმდებლობა იყო იმ დემოკრატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რაც აქვს ეუთო/ოდირ-ს. რა თქმა უნდა, ხარვეზებზეც არის საუბარი, მაგრამ ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენზე უფრო გამოცდილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, პირველი არხის ეთერში ვიყავი და ის დასკვნები მოვიტანე, რომელიც ეუთო/ოდირს აქვს იგივე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და იქ ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ზუსტად იგივე გზავნილები აქვთ იმ ხარვეზებზე. პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, მთავარია, მათ იციან, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რეკომენდაციები, რაც დაკავშირებულია ამ ხარვეზების აღმოფხვრასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი