დავით ზალკალიანი - თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ხაზს უსვამს, რომ მუდმივად არსებობს კომუნიკაცია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის
დავით ზალკალიანი - თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ხაზს უსვამს, რომ მუდმივად არსებობს კომუნიკაცია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის

სამი ქვეყანა, რომელსაც ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს, აუცილებლად ვმოქმედებთ კოორდინირებულად საერთაშორისო ასპარეზზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა რიგით მერვე მინისტერიალია სამმხრივ ფორმატში.

„მინდა, მივესალმო ჩემს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოში. ეს არის მერვე შეხვედრა და ხაზს უსვამს, რომ მუდმივად არსებობს კომუნიკაცია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ყველა მნიშვნელოვან თემაზე, რაც აქტუალურია როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ თემებზე. ჩვენ ყოველთვის, სამი ქვეყანა, რომელსაც ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს, სტრატეგიული პარტნიორობა უპირველესად,  აუცილებლად ვმოქმედებთ კოორდინირებულად, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრებენ, რომელშიც სამი ქვეყანაა ჩართული.

„ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ ყველა ძირითად მიმართულებაზე – სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება, მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პროექტები, რომელშიც სამი ქვეყანა არის ჩართული. იცით, რომ სულ ახლახან საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა თურქეთში, სადაც მნიშვნელოვანი პროექტის, ტანაპის ინაუგურაცია მოხდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ვფიქრობ, უკვე არსებული პროექტები და მომავალში გასახორციელებელი პროექტები რეგიონისა და სამივე ქვეყნის ფუნქციას ერთიორად გაზრდის. გვექნება ამ პროექტებზე საუბარი. ასევე ვისაუბრებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს როგორც სატრანსპორტო-დამაკავშირებელი ხიდის. აუცილებელია, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

პრემიერის თურქეთში ვიზიტის დროს, თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ჩვენ ორჯერ უნდა გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და არსებობს ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა ამისთვის. ასევე ამაზე იყო საუბარი პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, სადაც პრეზიდენტ ალიევთან მსგავსი სახის სურვილები გამოითქვა და ბუნებრივია, ის სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, გაწერილი იქნება, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.