დავით ზალკალიანი - ტერიტორიების ოკუპაცია წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის ომზე საუბრობს. ზალკალიანი აცხადებს, რომ ეს ვიდეო უფრო მეტად ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები აეცილებინა.
„ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია. ეს ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და იმ უპასუხისმგებლო ქმედებისა, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ. ის ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.