დავით ზალკალიანი - სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის რჩევა, ქვეყანა კონცენტრირებული იყოს გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან
დავით ზალკალიანი - სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის რჩევა, ქვეყანა კონცენტრირებული იყოს გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან

არ გვაქვს ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატში გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან რჩევას ჰქონდა ადგილი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან რაც მოვისმინეთ, არის რჩევა ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის, რადგან იმ ფონზე, როდესაც რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, როდესაც გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს გამოწვევა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებით, რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა რეგიონში უკვე თვალსაჩინო არის და ეს არის შედეგი, რომელიც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შედეგად, როდესაც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქვეყანა მთლიანად, ჩვენი საზოგადოება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული იმ გამოწვევებზე, რაც არის დაკავშირებული პანდემიასთან, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკის აღორძინებასთან. ბუნებრივია, არ გვაქვს ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ჩვენი მთავარი გამოწვევები არის ის გამოწვევები, რომლებიც ჩამოგითვალეთ და რომლებსაც მუდმივად იმეორებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომ ეს არის მათი რჩევა, დროზე დასრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.

„იგივე არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რადგან არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთი ავტორიტეტული და ისეთი მთავარი სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის, სადაც მკაფიოდ წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი კომისრის განცხადება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ასევე, მოვისმინეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა და ყველა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამიტომ აქ კითხვის ნიშნები არ არის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში გამოსვლისას რუსულ აგრესიასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამომწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, ფოკუსირდეს რეალურ გამოწვევებზე, შეცვლილ რეალობაზე სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას კოვიდის პანდემიის პირობებში. „საქართველოში დღეს არსებული კრიზისი შემაშფოთებელია, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე რუსეთის მავნე ზეგავლენისადმი დაუცველობის ზრდის კუთხით“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა. სენატორ ჯიმ რიშის თქმით კი, საქართველოში პოლიტიკური კონფლიქტი მხოლოდ ვნებს საქართველოსა და ქართველ ხალხს და კარს უხსნის რუსეთს.