დავით ზალკალიანი - სენატში დაინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს
დავით ზალკალიანი - სენატში დაინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის სენატში ინიცირებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ეს გახლავთ სენატორ შაჰინის და ჯონსონის ერთობლივად დაინიცირებული სენატის რეზოლუცია, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სენატორი შაჰინი საქართველოში. მისი დაინიცირებული რეზოლუცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიც არის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ ყველა ხელმომწერმა პარტიამ აუცილებლად უნდა შეასრულოს შეთანხმება, პირდაპირ, მკაფიოდ არის რეზოლუციაში ჩადებული მოწოდება ერთ კონკრეტულ პარტიაზე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამაზე მკაფიო გზავნილი არ არსებობს და ადრესატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, რომ შეთანხმების შესრულება იწყება ხელმოწერიდან და ხელმოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა იქ არსებული დებულებების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს.

არაერთხელ ყოფილა ამაზე სპეკულაციები, რომ მოხდება რაღაცა მიბმა (ფინანსური დახმარების შეჩერება), მაგრამ ჩვენი ქმედებით, ხელისუფლებამ დაანახა ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან თანმიმდევრულები ვართ და ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი.

„პირდაპირ არის ტექსტში ჩაწერილი ეს და აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით მოწოდება. ვფიქრობ, კონგრესის, სენატის მხრიდან ამ მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება როგორც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ.