დავით ზალკალიანი - სენატორების საქართველოში ვიზიტი ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა
დავით ზალკალიანი - სენატორების საქართველოში ვიზიტი ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა

სენატორების ვიზიტი გამოხატულებაა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სენატორები საქართველოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სტუმრობენ, რაც მისასალმებელია.

„დიდი ხანია საქართველოში არ განხორციელებულა სენატის დელეგაციის ვიზიტი. ჩვენ ვმასპინძლობდით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ კონგრესმენს, მაგრამ სენატორების ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხორციელდება და ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებულია. ამაზე მიანიშნებს სწორედ ის უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა თუ რეზოლუცია, რომელიც დაინიცირებული არის სწორედ ჩვენი მხარდამჭერი სენატორების მხრიდან. სენატორი შაჰინი და პორტმანი ასევე არიან ჩემპიონები საქართველოს მხარდაჭერაში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ძალიან დროული ვიზიტია. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება რომელიც თავის ასახვას ჰპოვებს უკვე შემდგომ ნაბიჯებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანი.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან, განვიხილეთ ასევე ვიზიტების შესაძლებლობა და როგორც კი პანდემიის გარემოება მოგვცემს შესაძლებლობას, ეს ვიზიტები აუცილებლად განხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება მაღალი დონის ვიზიტები ორივე მიმართულებით. ორივე მხარის ვიზიტებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.