დავით ზალკალიანი - საქართველოში შემოსვლაზე დაწესებული ორკვირიანი შეზღუდვა ჩვენს მოქალაქეებს არ ეხებათ
დავით ზალკალიანი - საქართველოში შემოსვლაზე დაწესებული ორკვირიანი შეზღუდვა ჩვენს მოქალაქეებს არ ეხებათ

საკოორდინაციო საბჭომ დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, შეზღუდვები უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეებზე 18 მარტის 00 საათიდან ამოქმედდება და ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ და საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი.

„უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა იკრძალება, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩვენს მოქალაქეებს. ბუნებრივია, იქნება გამონაკლისები, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებსა და მათ ოჯახებს; ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი; ამავე დროს, ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის აუცილებლობა, მხედველობაში მყავს ექიმები, მოხალისეები; ასევე სტატუსნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებს, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს და, რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი ყოველი შემთხვევისთვის გადაწყდება ინდივიდუალურად. ეს არის შეზღუდვები, რომლებიც 18 მარტის 00 საათიდან ამოქმედდება“, – განმარტა დავით ზალკალიანმა.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის 18 მარტიდან, ორი კვირით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა იკრძალება.